ტკივილი მუცლის არეში

გამოვიყენო თუ არა ოპიატი პაციენტთან ტკივილით მუცლის არეში
(ანუ მორფინი, “დაუწერელი კანონები” და ალისას მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში).

ავტორი: ლაშა-გიორგი ესებუა, MD

სასაცილო არის რომ ეს საკითხი პერიოდულად, ისევ ხდება ხოლმე განხილვის საგნი ჩვენს რეალობაში. სრულად საკმარისი იქნეოდა ამ კითხვის პასუხად ”ტინტინალის” სახლმძღვანელოდან(1)⁠ ამონარიდი დამედო, როგორც ეს ათასჯერ ახსნით დაღლილმა ჩემმა კოლეგამ ლევან ფსუტურმა გააკეათა გუშინ, მაგრმ მოდით ჩავიდეთ უფრო ღრმად, კურდღლის სოროში, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო.

ყველაფრი კი 1979 წელს დაიწყო, როდესაც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (BMJ) გამოქვეყნებულმა სტატიამ, ეჭქვეშ დააყენა აქამდე არსებული “დაუწერელი კანონი” იმის შესახებ რომ ანალგეზია, მუცლის ტკივილის მქონე პაციენტებში, კლინიკურ სურათს ცვლის და ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას ართულებს(2)⁠.

 

დაწყებული პოლემიკის მიუხედავად, 1987 წელს გამოსულ “მწვავე მუცლის ადრეული დიაგნოსტიკის” მე-17 გამოცემაში, ჩაიწერა ცნობილი ფრაზა მუცლის ტკივილის მქონე პაციენტებში ოპიატების გამოყენებაზე: “…თუმცაღა შეიძლება უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ არ გაკეთდეს მორფინი სანამ დიაგნოზი არ დასმულა და მოქმედების გეგმა არ დასახულა.”(3)⁠ ცნობილი იმიტომ რომ ალბათ ეს ფრაზა ერთერთი უკანასკნელია, რომელიც რომელიმე ავტორიტეტულ გამოცემაში ამ “დაუწერელი კანონის” დასაცავად დაწერილა.

 

საინტერესოა რომ, აღნიშნული გამოცემის გამოსვლამდე 1 წლით ადრე, 1986 წელს, უკვე არსებობდა 3 ეტაპიანი, რანდომიზირებული, ორმაგად ბრმა პლაცებო კონტროლირებული კვლევა, რომელშიც “დაუწერელი კანონის” მართებულობის შესამოწმებლად, სუბლინგვურად ბუპრენორფინის და პლაცებოს შედარება მოხდა: ანალგეზიის ეფექტურობის, სიმპტომების შეცვლის და მართებული დიაგნოზის დასმის შესაძლებლობის გართულების თვალსაზრისით(4)⁠. კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ სიმპტომების ცვლილება და დიაგნოზის სისწორე, ბუპრენოფინის და პლაცებოს ჯგუფებს შორის განსხვავებული არ იყო. თუმცა ეს კვლევა რამოდენიმე მნიშვნელოვანი წუნითაც არის ცნობილი, ამიტომ დასასრულის დასაწყისად უმჯობესია შემდეგი კვლევა ავიღოთ.

კერძოდ, 1992 წელს ჩატარებული, ასევე რანდომიზირებული ორმაგად ბრმა პლაცებო კონტროლირებული კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ ოპიოიდების ადმინისტრირება ეფექტური და უსაფრთხოა მუცლის ტკივილის მართვისას. ოპიოიდის გამოყენება არ იყო ასოცირებული სიმპტომების გაქრობასთან, მტკინვეული არის ლოკალიზაციის ცვლილებასთან, ქირურგის მიერ გადაწყვეტილების მიღების გაძნელებასთან ან არასწორი გადაწყვეტილების სიხშირის გაზრდასთან(2)⁠. უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტური ანალგეზია ხელს უწყობს ქირურგის მიერ სწორი დიაგნოზის დასმას(2)⁠.

შემდგომ, 1996 წელს პროსპექტულმა რანდომიზირებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულმა კვლევამ ასევე აჩვენ რომ მორფინი ერთდროულად ეფექტურია და უსაფრთხო ტკივილის მართვისას და არ ცვლის მკურნალი ექიმის შესაძლებლობას დასვას სწორი დიაგნოზი(5)⁠.

იგივე თემაზე, 1997 წელს ჩატარებულმა კვლევამ (რანდომიზირებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებული) მორფინის ჯგუფში, ტკივილის ხასიათის და ლოკალიზაციის ცვლილება გამოავლინა, თუმცა ამას არ ჰქონია გავლენა საბოლოო, ზუსტი დიაგნოზის დასმაზე(6)⁠. ასევე არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დიაგნოსტირებისას დაშვებული შეცდომების სიხშირეს შორის პლაცებოსა და მორფინის ჯგუფებში(6)⁠.

და ბოლოს, 1999 წელს, ყველა მის წინამორბედზე დიდმა, პროსპექტულმა, რანდომიზირებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მორფინი ეფექტურია ტკივილის მართვისას და არ ცვლის დიაგნოზის სიზუსტეს. პაციენტების ბინაზე გაწერა ქირურგიული ჩარევის გარეშე, ორივე, პლაცებოს და მორფინის ჯგუფებში, შემთხვევათა 100%-ში მართებული აღმოჩნდა(7)⁠. ოპიატით ანალგეზიამ ვერ მოახდინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ქირურგიული წესით მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებაზე.(7)⁠

მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, ხშირად მუცლის ტკივილის მკურნალობა სათანადოდ არ ხდება(8)⁠. მეცნიერულ საფუძველს მოკლებული “მიდგომა” კი ხშირად კვლავ არის უმიზნო ტანჯვის მიზეზი, რაც არაჰუმანურია. სწორედ ამიტომ, “Tintinalli’s Emergency Medicine, Comprehensive study Guide 8th Edition”-ში 71-ე თავის კითხვისას აუცილებლად წააწყდებით ძირითადი ტექსტისგან გამოყოფილ გამუქებულ ფრაზას: “ოპიოიდით ანალგეზია ამსუბუქებს ტკივილს და არ შლის მუცლის გასინჯვისას მიღებულ მონაცემებს, არ აყოვნებს დიაგნოზის დასმას, არ ზრდის ავადობას/სიკვდილიანობას”(1).

ავტორი: ლაშა-გიორგი ესებუა, MD

ბიბლიოგრაფია:

  1. Guide ACS. Tintinalli’s Emergency Medicine A Comprehensive Study Guide. 8th ed. Tintinalli JE, Stapczynski JS, Ma OJ, Yealy DM, Meckler GD, Cline DM, editors. McGraw-Hill Education / Medical; 2015. 2167 p.
  2. Attard AR, Corlett MJ, Kidner NJ, Leslie AP, Fraser IA, Attard AR. Safety of early pain relief for acute abdominal pain. BMJ. 1992;305:554–6.
  3. Cope Z. Early diagnosis of the acute abdomen. 17th ed, revised by Silen W. New York: Oxford University Press
  4. Zoltie N, Cust MP. Analgesia in the acute abdomen. Ann R Coll Surg Engl. 1986;
  5. Pace S, Burke TF. Intravenous morphine for early pain relief in patients with acute abdominal pain. Acad Emerg Med [Internet]. 1996;3(12):1086–92. Available from: http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8959160
  6. LoVecchio F, Nelson LS, Flashner S, Finger R. THE USE OF ANALGESICS IN PATIENTS WITH ACUTE L PAIN. J Emerg Medicxte Elssvier Sci Inc; SElmhurst Hosp Progr Dir Emerg Med Resid. 1997;15:775–9.
  7. Vermeulen B, Morabia A, Unger P-F, Goehring C, Grangier C, Skljarov I, et al. Acute Appendicitis: Influence of Early Pain Relief on the Accuracy of Clinical and US Findings in the Decision to Operate—A Randomized Trial 1.
  8. Shojania KG, Duncan BW, McDonald KM, Wachter RM, Markowitz a J. Making health care safer: A critical analysis of patient safety practices. Evid Rep Technol Assess (Summ) [Internet]. 2001;2001(43):i–x, 1-668. Available from: http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11510252

Lasha-Giorgi Esebua

ლაშა-გიორგი ესებუა დამთავრებული აქვს გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩააბარა ა.შ.შ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) სამივე საფეხური და კლნიკური გამოცდილება მიიღო აკად. ნ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკაში და CovenantHealthcare მიჩიგანი, ა.შ.შ-ში. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაში ხელმძღვანელობდა სტუდენთთა მცირე ჯგუფს. ინტერესის სფერო: ტკივილის მართვა

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *